четверг, 13 ноября 2014 г.

TOP-სამი წყვილი რომელიც ასტროლოგიურად ერთმანეთისთვისაა შექმნილი

ალბათ არ არსებობს ამქვეყნად ფორმულა იდეალური პარტნიორული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. როგორც წესი, პრობლემები და გაუგებრობა ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში იჩენს თავს. თუმცა, ნამდვილი სიყვარულის მთავარი არსიც იმაშია, რამდენად ოსტატურად უმკლავდებიან პარტნიორები სხვადასხვა სახის განსაცდელს ისე, რომ საბოლოოდ ერთმანეთის პატივისცემა და ურთიერთგაგების უნარი ძველებურად შეინარჩუნონ. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არსებობენ კარგად, ცუდად, მეტ-ნაკლებად და იდეალურად თავსებადი წყვილები. დღეს მინდა საუკეთესო სამეული წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ ის სამი წყვილი, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად გვხვდება იდეალური ან იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული კავშირი. ქალწული - კურო მათ შორის ხასიათის მსგავსებასთან ერთად, ცხოვრებისეული პრიორიტეტების გასაოცარი თანხვედრაა. როგორც კურო, ისე ქალწული სტაბილურობის, კომფორტისა და ფულის მოყვარული ინდივიდია. მათთვის მარტივია საერთო საოჯახო ბიუჯეტის შედგენა და ისინი არასოდეს იჩხუბებენ ტრადიციულ თემაზე, სად აორთქლდა წამის სისწრაფით ფული, რომელიც ქმარმა ცოლს მისცა ხელფასის დღეს. ეს წყვილი მაქსიმალურად შეეცდება სოლიდური დანაზოგის გადანახვას, რათა სამომავლოდ ეს თანხა რაიმე გონივრულ წამოწყებას დაახარჯოს. ქალწულისა და კუროს ოჯახში ბავშვები დაუგეგმავად არასოდეს ჩნდებიან. სამაგიეროდ, თუ ეს ორი შვილის ყოლას გადაწყვეტს, პატარას არამხოლოდ ბავშვობის წლები, სტუდენტობა და მზითევიც უზრუნველყოფილი ექნება წინასწარ. ვერძი - ლომი ამ ორის სიყვარულზე, როგორც წესი, ახლობლების წრეში ლეგენდები დადის. ვერძი და ლომი, ძალიან ჰგავს ერთმანეთს ტემპერამენტითა და ხასიათით. თუმცა, ლომი გაცილებით უფრო გონიერი, წინდახედული და გაწონასწორებულია ვიდრე ვერძი. ამიტომ იგი ხშირად არის წყვილს შორის "კაპიტანი" და ავტორიტეტი, რომელსაც ცეცხლოვანი და ჯიუტი ვერძი ძნელად მაგრამ მაინც ემორჩილება. ასეთი ცოლ-ქმარი მუდმივად ინარჩუნებს ერთმანეთის მიმართ რომანტიკულ დამოკიდებულებას და სექსუალურ მიზიდულობას. შესაბამისად, მათი კავშირი, პერიოდულად ფეთქებადი, თუმცა მაინც მყარი და ძლიერია. ისინი საკუთარი შვილებისთვის არიან მაგალითი გულწრფელი სიყვარულის, რომელიც ხანდაზმულობის ასაკამდეც არ ქრება. ტყუპი - მერწყული მათი კავშირი სახიფათო ატრაქციონზე მოსრიალე ორი ანცი მოზარდის თავგადასავალს წააგავს. არავინ იცის, რომელი ერთი და როდის დაკარგავს წონასწორობას, თუმცა ტყუპი-მერწყულის კავშირში სწორედ ეს არაპროგნოზირებადი სიტუაცია და ფეხქვეშ მყარი ნიადაგის შეგრძნების დეფიციტი ქმნის ამაღელვებელ და საინტერესო კავშირს. ასეთი წყვილის ოჯახური ცხოვრება არასოდესაა სტანდარტული, მშვიდი და უპრობლემო. თუმცა, მათ ყოველთვის აქვთ სალაპარაკო თუ არა, საკამათო თემა ამიტომ, ასეთი ცოლ-ქმარი ერთმანეთთან არასოდეს იწყენს. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, კრეატიული, თავისუფლად მოაზროვნე და დამოუკიდებელი ინდივიდები იზრდებიან. მათ ყოველთვის აქვთ დედ-მამის მხრიდან სრული არჩევანის თავისუფლება და ისინი მშობლებს როგორც თანასწორ მეგობრებს ისე აღიქვამენ.


Комментариев нет:

Отправить комментарий